კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა. აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად ტელეიმედმა ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიძულვილის ენა დაასახელა.
comcom-ის განცხადებით, კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.
სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის, ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, უხამსობას ან პორნოგრაფიას.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს, 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია იმედმა დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება ტელეიმედის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.